რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა დასავლთი გააფრთხილა, რომ აშშ-ის მიერ შედგენილი სამშვიდობო გეგმიდან არ უნდა იყოს ამოღებული ისეთი პუქტები, რომლებზეც თანხმობა მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის მიმდინარე წლის დასაწყისში ალასკის სამიტზე იქნა მიღწეული.
ლავროვის თქმით, რუსეთსა და აშშ-ს შორის არსებული საკომუნიკაციო არხების გავლით მოსკოვი ელოდება ვაშინგტონისგან სამშვიდობო გეგმის შუალედური ტექსტის წარდგენას, მას შემდეგ რაც ის დაასრულებს კონსულტაციებს ევროპასთან და უკრაინასთან თავდაპირველ დოკუმენტზე.
„თუ ანკორიჯის [ქალაქი ალასკაზე] სულისკვეთება ამოიშლება იმ ძირითადი შეთანხმებებიდან რომლებიც ჩვენ მივაღწიეთ, მაშინ, რა თქმა უნდა, ეს იქნება ფუნდამენტურად განსხვავებული სიტუაცია“, – აღნიშნა ლავროვმა.
ლავროვმა დაამატა, რომ რუსეთი მზად არის განიხილოს გეგმის პუნქტები, თუმცა დოკუმენტში რამდენიმე საკითხი მოითხოვს დაზუსტებას.
მან ასევე დაადასტურა რუსეთის დაფასება უკრაინის ომთან დაკავშირებით აშშ-ის პოზიციისადმი, რომელიც, მისი თქმით, არის ერთადერთი დასავლური ქვეყანა, რომელმაც ინიციატივა გამოიჩინა ომის მოგვარების მცდელობაში.
ამასთან, მან უარყო საფრანგეთისა და გერმანიის მხრიდან მედიაციის შესახებ ნებისმიერი საუბარი.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ისინი, ვინც ცდილობენ ხმაური ატეხონ აშშ-ის მიერ შემოთავაზებული გეგმის გარშემო, ცდილობენ ძირი გამოუთხარონ აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ძალისხმევას მშვიდობის დამყარებისა და გეგმის გადამუშავების მიზნით.
მან ასევე თქვა, რომ მოსკოვი არ აპირებს დააჩქაროს აშშ-ს რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების მოლაპარაკებებში და რომ აღნიშნული გეგმა აჩვენებს ვაშინგტონის ერთგულებას ალასკის შტატის ქალაქ ანკორიჯში მიღწეული შეთანხმებებისადმი.
„რამდენად დაიცავენ ისინი ამ პოზიციას და რამდენად გაუწევენ წინააღმდეგობას მცდელობებს, გადაიყვანონ ისინი სწორი გზიდან, ჩვენ ჯერ არ ვიცით“, – დაამატა მან.
ცნობისთვის, გუშინ საერთაშორისო მედიამ დაწერა, რომ ჟენევაში აშშ-სა და უკრაინულ მხარეებს შორის შემდგარი მოლაპარაკებების შედეგად ვაშინგტონის მიერ წარდგენილი სამშვიდობო გეგმა გადაიხედა და ის 28 პუნქტიდან 19-მდე შემცირდა.
ამ დროისთვის, უცნობია, რომელი პუნქტებია ამოღებული გეგმიდან.
ასევე შეგახსენებთ, რომ დღეს ამერიკული მედიების მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, უკრაინა ომის დასასრულებლად აშშ-ის მიერ წარდგენილ სამშვიდობო გეგმას დათანხმდა.
